სასტი სჯის სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე ყველას, ვინც მის ნება-სურვილს ეწინააღმდეგება, მის ძღვენს უარყოფს.
შეუბრალებლად დასაჯა ქალღმერთმა მდინარის ღმერთ კეფისოსა და ნიმფა ლარიოპეს მშვენიერი და ამაყი ვაჟი ნარცისი.
ნარცისი, ვისაც არავინ უყვარდა საკუთარი თავის გარდა, არავის თვლიდა თავისი სიყვარულის ღირსად.
ერთხელ ნადირობისას ნარცის გზა აებნა, უღრან ტყიდან გამოსასვლელ გზას ვეღარ პოულობდა. ყმაწვილი ექომ დაინახა. ექო ნიმფა იყო და ქალღმერთი ჰერას ნებით საუბარი აკრძალული ჰქონდა, კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ სხვისი სიტყვების ბოლო ფრაზის გამეორებით შეეძლო.
აღფრთოვანებით შესცქეროდა ნიმფა მშვენიერ ჭაბუკს.
– ეჰეეე, ვინ არის აქ? – შესძახა ნარცისმა.
– აქ, აქ… – გაიმეორა ექომ
– აქ მოდი – თავისთან უხმო ნარცისმა.
– მოდი, მოდიიი – უპასუხა ექომ
თავგზააბნეული ნარცისი აქეთ-იქით იყურებოდა. გარშემო არავინ ჩანდა.
– აქეთ, ჩქარა, ჩემთან! – წამოიძახა ნარცისმა
– ჩემთან… – არ დააყოვნა გახარებულმა ექომ და ნარცისისკენ ხელგაწვდილი გაიქცა.
ნარცისმა ნიმფას ხელი ჰკრა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა.
ამაყმა და თვითკმაყოფილმა ნარცისმა ყველას სიყვარული უარყო, ექოსავით არაერთი ნიმფის სიყვარულზე თქვა უარი.
ხომ გახსოვთ რა სასტიკად სჯის სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე ყველას, ვინც მის ნება-სურვილს ეწინააღმდეგება და მის ძღვენს უარყოფს. ჰოდა, განრისხდა ქალღმერთი და გადაწყვიტა ქედმაღალი ჭაბუკი სასტიკად დაესაჯა.
ერთხელ ნარცისი წყლის დასალევად წყაროსთან მივიდა. წყალი სარკესავით სუფთა და კამკამა იყო. ნარცისი დაიხარა, წყალმა სახე აირეკლა. გაოცებით შესცქერის ნარცისი თავის გამოსახულებას და უსაზღვრო სიყვარულით ევსება გული. ვნებით სავსე თვალებით დასცქერის საკუთარ გამოსახულებას, გამოსახულება თავისკენ იზიდავს, თავისკენ იხმობს. ნარცისი სულ უფრო და უფრო იხრება წყლისკენ, სურს საკუთარ გამოსახულებას ეამბოროს. ყველაფერს ივიწყებს, არ ჭამს, არ სვამს, არც იძინებს…
– ვინ იტანჯება ასე სასტიკად ჩემსავით! მხოლოდ წყლის ზედაპირი გვყოფს. ამოდი! – ჩასძახა საკუთარ ანარეკლს ნარცისმა!
საკუთარი ანარეკლი სიყვარულს როგორ გაიზიარებდა?!
– საკუთრი თავი ხომ არ შემიყვარდა? შენ ხომ მე ვარ! საკუთარი თავი მიყვარს! ვგრძნობ, მალე სიცოცხლს გამოვესალმები. სიკვდილის აღარ მეშინია, სიკვდილი ჩემს ტანჯულ სიყვარულს ბოლოს მოუღებს. – აღმოხდა სასოწარკვეთილ ნარცისს!
ნარცისს ნელ-ნელა ძალ-ღონე ეცლება, გრძნობს სიკვდილის მოახლოებას და მაინც ძალა არ შესწევს თვალი მოსწყვიტოს საკუთარ გამოსახულებას. ტირის ნარცისი, ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები და მდინარეში იღვრება. წყლის ზედაპირზე წრეები ფართოვდებიან და გამოსახულებას აქრობენ.
– სად ხარ? დაბრუნდი, დარჩი, ვერ გეხები, მაგრამ ნება მომეცი გიყურო! – ჩურჩულებს შეშინებული ნარცისი.
წყალი დაწყნარდა, გამოსახულება კვლავ გამოჩნდა მის ზედაპირზე.
ნარცისი თვალმოუშორებლად დაჰყურებს საკუთარ ანარეკლს და გაუზიარებელი სიყვარულისგან დნება.
– ვაი! – იძახის ნარცისი
– ვაი – იმეორებს ექო.
– მშვიდობით – ამბობს ღონემიხდილი ნარცისი
– მშვიდობით – იმეორებს ექო
ნარცისი თავს ხრის და კვდება. ატირდნენ უღრან ტყეში ახალგაზრდა ნიმფები, ატირდა ექოც.
იმ ადგილას, სადაც ნარცისი მიიცვალა, ამოვიდა ულამაზესი ყვავილი, რომელსაც, ნარცისს – სიკვდილის ყვავილს, ვუწოდებთ.
გამპმეხმაურეთ , ბავშვებოოო!!!
ОтветитьУдалитьდაწერეთ თქვენი შთაბეჭდილება წაკითხულის შესახებ :)
Удалить