სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

воскресенье, 3 августа 2014 г.

ჭიამაია

ჭიამაია მებაღეების მეგობარი
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის დიდი ბრიტანეთიდან
მართალია, ხოჭოები ბევრს არ უყვარს, მაგრამ ჭიამაიებზე ამას ვერ ვიტყვით. ბავშვები განსაკუთრებით შეხარიან ამ მწერს, მებაღეები და ფერმერებიც სიხარულით ეგებებიან მას. რატომ არიან ისინი ასე გამორჩეულები?
რით არის ჭიამაია ცნობილი?
ამ უვნებელი ხოჭოს უმეტესი სახეობის საყვარელი საჭმელი პარაზიტი რბილსხეულიანი მწერები, ბუგრებია (ნაჩვენებია მარცხნივ), რომლებიც აჩანაგებენ ბაღებსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ზოგიერთი ჭიამაია სიცოცხლის განმავლობაში ათასობით ბუგრს ჭამს; უმადობას არც ჭიამაიას მატლები უჩივიან. ჭიამაიები სხვა მავნებლებსაც შეექცევიან, ზოგი სახეობა მცენარეების პარაზიტი სოკოებითაც იკვებება. აი, რატომ უყვართ ჭიამაია მებაღეებსა და ფერმერებს.
მე-19 საუკუნის ბოლოს ავსტრალიიდან კალიფორნიაში შემთხვევით მოხვდა ღარიანი და ფქვილისებრი ცრუფარიანა. ეს მავნებელი მწერი ისე სწრაფად გამრავლდა, რომ თითქმის გაანადგურა ციტრუსის ბაღები. ერთი ენტომოლოგი, რომელმაც იცოდა, რომ ამ მწერის სამშობლოში მოსავალი არ განადგურებულა, ავსტრალიაში გაემგზავრა მისი ბუნებრივი მტრის მოსაძებნად და ჭიამაია როდოლიას მიაგნო. ამ სახეობის ხუთასამდე ხოჭო კალიფორნიაში გემით ჩამოიყვანა და მისი საშუალებით ერთ წელიწადში ცრუფარიანა თითქმის მოისპო. ციტრუსის ბაღები გადაურჩა განადგურებას.
ჭიამაიას სიცოცხლის ხანგრძლივობა
ამ მომხიბლავ პაწაწინა ხოჭოს ამობურცული, მრგვალი ან ოვალური სხეული აქვს. ამ ღორმუცელა მწერის სახეობათა უმეტესობა სიგრძეში დაახლოებით 12 მილიმეტრია. მაგარი, მბზინავი და ლამაზად დაფერილი ზედა ფრთები იცავს მათ ქვეშ შეკეცილ სიფრიფანა უკანა ფრთებს. ფრენის დროს მწერი ზედა ფრთებს შლის. როგორც წესი, ფიქრობენ, რომ ჭიამაია წითელია და შავად დაწინწკლული, მაგრამ არსებობს დაახლოებით 5 000 სხვადასხვაგვარად შეფერილი და დაწინწკლული ჭიამაია. ზოგი ნარინჯისფერია, ზოგი ყვითელი და შავად დაწინწკლული, ზოგიც შავია წითელი წინწკლებით. იშვიათად თუ შეხვდებით ჭიამაიას, რომელსაც წინწკლები არა აქვს. არსებობს ჭიამაიების ისეთი სახეობებიც, რომლებსაც ჭადრაკულად განლაგებული წინწკლები აქვთ ან დაზოლილია.
ხოჭოების ბევრი სახეობა ერთ წელიწადს ცოცხლობს. წვიმისა და ქარისგან თავის დასაცავად ისინი მშრალ და დახურულ ადგილას იზამთრებენ. გაზაფხულზე, როცა ბუნება იღვიძებს, ჭიამაიებიც გამოდიან და ისეთ მცენარეებს ეძებენ, რომლებზეც ბუგრებია. დაწყვილების შემდეგ მდედრობითი სქესის ჭიამაია ფოთლის ქვეშ ბუგრებთან ახლოს დებს პაწაწინა ყვითელ კვერცხებს (ნაჩვენებია მარჯვნივ). თითოეული კვერცხიდან იჩეკება ექვსფეხიანი მატლი, რომელიც პაწაწინა ალიგატორს (ნაჩვენებია ქვემოთ) უფრო მოგვაგონებს, ვიდრე მშვენიერ ჭიამაიას. რადგან მატლები თითქმის შეუჩერებლივ შეექცევიან ბუგრებს, იმდენად დიდები იზრდებიან, რომ კანში ვეღარ ეტევიან და რამდენჯერმე იცვლიან კანს. ამის შემდეგ მცენარეს ეწებებიან და ჭუპრებად გარდაიქმნებიან. ჭუპრი მანამ იზრდება, სანამ ზრდასრული ხოჭოს სახეს არ მიიღებს. მოძლიერებამდე ხოჭო მცენარეს არ სცილდება. მისთვის დამახასიათებელ შეფერილობას სულ რაღაც ერთ დღეში იძენს.
მტრები თავს არიდებენ ამ ლამაზად შეფერილ და მადის აღმძვრელ მწერებს. იცით, რატომ? როცა ხოჭოები საფრთხეს გრძნობენ, გამოყოფენ დიდად არასისიამოვნო, მძაფრი სუნისა და გემოს ყვითელ სითხეს. ჩიტებსა და ობობებს, რომლებიც მათ განსაკუთრებით ემტერებიან, არასდროს ავიწყდებათ ჭიამაიებთან პირველი შეხვედრა. ასე რომ, მათი თვალშისაცემი შეფერილობა დროული შეხსენებაა სამტროდ მოსულთათვის.
მავნე ჭიამაია
ჭიამაიის ერთ-ერთი სახეობა, ეგრეთ წოდებული მრავალფერა აზიური ჭიამაიაა, რომელსაც თავდაპირველად მავნე მწერებს ანადგურებინებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ის თავად აღმოჩნდა მავნე და საშიში. ეს ჭიამაია თავის სამშობლოში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში სხვა სახეობის ჭიამაიებთან ერთად ძალიან კარგად გრძნობს თავს. ის ისეთი გაუმაძღარია, რომ ბუგრებსა და სხვა მავნებლებს მუსრს ავლებს. ახლახან ის ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაშიც გავრცელდა. სამწუხაროდ, მან საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ ჭიამაიებს, რადგან საჭმელად თითქმის აღარაფერი დაუტოვა. უფრო მეტიც, როცა ამ ღორმუცელამ ყველაფერი გადაჭამა, სხვა ჭიამაიებისა და სასარგებლო მწერების ჭამაც დაიწყო. მდგომარეობას ისიც აუარესებდა, რომ მისი გამანადგურებელი არავინ იყო. ენტომოლოგები შიშობენ, რომ მალე ჭიამაიას ზოგი სახეობა საერთოდ გაქრება. მრავალფერა ჭიამია არც ხილზე ამბობს უარს და მოსავლის აღებამდე ბაღებს აჩანაგებს. ეს მოურიდებელი მწერი გვიან შემოდგომაზე დაუპატიჟებლად სახლებში შედის და ზამთარს თბილად ატარებს.
არიან ისეთი ჭიამაიებიც, რომლებიც მავნებლების ნაცვლად, მოსავალს ანადგურებენ; თუმცა საბედნიეროდ, ჭიამაიების უმრავლესობა გულს უხარებს მებაღეებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!