სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პედაგოგი ვერც დღეს შელევია წარსულს. ვერ შელევია, მიუხედავად რეფორმისა, რომელიც განათლების სისტემაში განხორციელდა და მეხსიერების ფუჭ ვარჯიშს კი არა, ცოდნის დონის ამაღლებას, აზროვნების განვითარებას გულისხმობს. ზოგიერთი მასწავლებელი მიმართავს ზეპირობის, ზუთხვის მეთოდს, რაც თავისთავად მცდარი და უეფექტოა, მაგრამ რას ვიზამთ - ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ჩვენში კი ამ ჩვეულებას ფესვები ღრმად გაუდგამს.
თანამედროვე განათლების სისტემა იმისკენ არის მიმართული, რომ მოსწავლეები იყვნენ უფრო დამოუკიდებლები, ჰქონდეთ საკუთარი სურვილისა და აზრის გამოხატვის საშუალება, საკუთარი შეხედულებისამებრ იფიქრონ და იმსჯელონ. ამაში მათ მასწავლებელი უნდა დაეხმაროს. ის უნდა იყოს, თუ ვიგოტსკის დავესესხებით, "ხარაჩო", საყრდენი, რომელიც მოსწავლეს საჭირო და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. მოპოვებული და ნასწავლი კი ბავშვმა თავად უნდა შეაჯეროს და სხვის ჩაურევლად გადაიტანოს ფურცელზე.
წერის სწავლება სკოლის დაბალი საფეხურიდანვე უნდა დაიწყოს. უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რა არის თემა. თემა არის ის ძირითადი საკითხი, რომელსაც ეხება თხრობა; იდეა, აზრი, რომელიც მკითხველმა უნდა ამოიცნოს ნაწარმოებში. ამის კვალობაზე, თუ მოსწავლეს ნაწარმოები დასაწყისიდან დასასრულამდე დაწვრილებით და ზედმიწევნით არ განვუმარტეთ, არ დავანახეთ პრობლემა, ის ვერასოდეს მიხვდება, რა ან რატომ უნდა დაწეროს.
ტექსტში ყოველთვის არის საკვანძო საკითხი, სიტყვა - მინიშნება მთავარ იდეაზე. მოსწავლემ დამოუკიდებლად ან მასწავლებელთან ერთად უნდა იპოვოს ეს მინიშნება, რომელიც ხშირად ნაწარმოების ბოლოს არის მოცემული. ზოგჯერ ტექსტის ამოხსნა ბოლოდან იწყება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მთავარი იდეა მძივივით აკინძოს და გაამთლიანოს.
ლიტერატურა ხელოვნებაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ყოველ ჩვენგანში ის სხვადასხვა გრძნობას იწვევს. სწორედ ეს გრძნობა და საკუთარი შეფასება უნდა გამოხატოს ბავშვმა ნაწერში. თუ მასწავლებელი შეძლებს, მოსწავლეს ისე გაუწიოს დახმარება, რომ მასზე გავლენა არ მოახდინოს, ვფიქრობ, პრობლემაც მოგვარდება. ყველაფრის სწავლა შესაძლებელია. თუ შეიძლება, მოზარდს ასწავლო ხატვა, რატომ ვერ ასწავლი თხზულების წერას? ვგულისხმობ პროგრამით გათვალისწინებულ თემებს და არა თავისუფალ შემოქმედებას, რადგან თავისუფალი თემის წერა ერთგვარი ნიჭია, რომელიც მდიდარი შინაგანი სამყაროსა და წიგნიერი ცოდნის ნაზავია. წიგნიერი ცოდნა კი ის არის, როდესაც მოსწავლემ იცის მხატვრული ხერხების სწორად გამოყენება, ფრაზების, სიტყვების სწორად შეკავშირება. არის შემთხვევები, როცა ნაწერი არც ისე გამართულია, მაგრამ მასში იგრძნობა ინდივიდი. ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი მეტად საგულისხმოა.
სწავლების დროს გასათვალისწინებელია ბავშვის განვითარების დონე, კითხულობს თუ არა მოზარდი მისი ასაკისთვის განკუთვნილ ლიტერატურას, რომელიც ეხმარება და უმდიდრებს ფანტაზიას. კითხვის მოყვარულ ბავშვებს აქვთ მდიდარი ლექსიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თხზულების წერის დროს.
მასწავლებელს ევალება, ბავშვს წერა შეაყვაროს. მე, როგორც მშობელსა და მასწავლებელს, გაუმართლებლად მიმაჩნია, როდესაც მოსწავლეს აძლევენ წერით დავალებას, თხზულებას პროგრამით გათვალისწინებულ თემაზე, და მასწავლებელი ერთ სიტყვასაც კი არ ამბობს იმის თაობაზე, როგორ შეიძლება თემის გაშლა, სხვადასხვა კუთხით განხილვა, - ის მხოლოდ სათაურს ასახელებს და დანარჩენზე მოსწავლემ, დაე, თავად იმტვრიოს თავი.
სათაური ვახსენე. ეს ერთ-ერთი საყურადღებო დეტალია, რომელიც დაწვრილებით უნდა იქნეს ახსნილი. ბავშვმა უნდა გაიგოს, რას ითხოვენ მისგან. ვფიქრობ, არავინ შემედავება, რომ შეუძლებელია თხზულების დაწერა, თუ ვერ ხვდები სათაურის აზრს. წერის კულტურის განვითარება მხოლოდ პუნქტუაციის წესების დაცვა როდია; ეს ის დეტალებია, რომლებიც საბოლოოდ კრავს ნაწერს, მთავარი კი სულ სხვა რამაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!