მივრბივარ, მივრაკრაკებ, მივჩუხჩუხებ, გამიშვი, თოვლო, რა გინდა, რომ ჩამალულხარ ჩრდილებში და გამაგრებულხარ ჩემ გზაზე.
ხომ ხედავ, მზე როგორ იცინის, ხომ ხედავ, როგორ ალერსით მაფრქვევს მცხუნვარე სხივებს.
განა ვერ ხედავ, რომ ამოიფეთქა მწვანე ბალახი, ვერ ხედავ, ფერდობზე რამდენი ლურჯთვალა ია და ენძელა ამოსულა?!
გახედე ბაღს, როგორ საამურად აყვავებულა ალუჩა და ნუში! ხედავ, ფრინველები მოფრინავენ შორი ქვეყნებიდან! ხომ გესმის მათი მხიარული ჟრიამული და ძახილი, ეს იმის ნიშანია, რომ გაზაფხულდა. ხომ ხედავ, როგორ იშლება ხეზე კოკორი და იშმუშნება მიწაში გამოღვიძებული ჭიაღუა! მალე ამწვანებული ტყეც აშრიალდება.