სხვა გვერდები

Страницы

Страницы

воскресенье, 1 июля 2012 г.

...ჭიანჭველები


დედამიწაზე ათასი სახეობის ჭიანჭველაა და ყველა ისინი საზოგადოებებად ცხოვრობს. საზოგადოებაში თითოეულ ჭიანჭველას თავისი საქმე აქვს: ზოგი დედაა, ზოგი მუშა, ზოგიც მეომარი, მზვერავი თუ მონადირე. ასე ინაწილებენ შრომას ჭიანჭველები თავიანთ საზოგადოებებში. 

ჭიანჭველები საცხოვრებლად ბუდეებს აგებენ, რომლებიც ერთმანეთთან ბილიკებითაა დაკავშირებული. ბუდეებში უცხო ჭიანჭველა ვერ მოხვდება, რადგან მას სასტიკ ბრძოლას გაუმართავენ და გააგდებენ, ან მოკლავენ. ბუდეს მუშა ჭიანჭველები აგებენ. ამისთვის ისინი ხმელ ტოტებს იყენებენ. ბუდე დაყოფილია, აქ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ცალკე აწყობენ ზამთრის მარაგს, ცალკე აქვთ ჭუპრების საბუდარი...
ბუდე მიწის ქვეშ ერთი მეტრის სიღრმისაა, რადგან ასეთ სიღრმეში ზამთარშიც კი ზომიერი ტემპერატურაა. ჭიანჭველები დღენიადაგ ზრუნავენ თავიანთ საცხოვრებელზე და იცავენ მის სისუფთავეს. ბუდის დარღვევის შემთხვევაში კი სასწრაფოდ იწყებენ მის აღდგენას. 


ჭიანჭველები ზამთრისათვის საკვებს იმარაგებენ. სხვადასხვა სახის ჭიანჭველები განსხვავებულ საკვებს ეტანებიან, თქვენ წარმოიდგინეთ, აფრიკაში ხორციჭამია ჭიანჭველებიც ბინადრობენ. თუმცა ყველაზე ხშირად ჭიანჭველები მარცვლეულით ან სოკოებით იკვებებიან. მარცვლეულის შესაგროვებლად მათ დიდ მანძილზე უწევთ გადაადგილება. შეგროვებულ ნადავლში ზოგჯერ ნახშირის ნამცეცები და მინის ნამსხვრევებიც ერევა, მაგრამ საგანგებო ნამცეცა მუშა ჭიანჭველები ნადავლს საგულდაგულოდ ახარისხებენ და ბუდიდან გამოაქვთ ყველაფერი, რაც საკვებად უვარგისია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მარცვლები ნესტიანდება, მაშინ მეომარ ჭიანჭველებს დანესტიანებული მარცვლები მზეზე გამოქვთ და აშრობენ. ჭიანჭველებს საკვები თავადაც მოჰყავთ. კერძოდ, მათ იციან, როგორ გაამრავლონ სოკო, რითიც თავიანთ მატლებს კვებავენ. 

ჭიანჭველებს ეხერხებათ მუყაითი და ნაყოფიერი მუშაობა, თუმცა მათთვის უცხო არ არის სხვისი შრომის გამოყენებაც. მაგალითად, ბუდის აგების დროს ერთი სახის ჭიანჭველები ეხმარებიან სხვა სახის ჭიანჭველებს და ეს ხშირად ურთიერთშეთანხმებით ხდება. თუმცა ჭიანჭველებში არსებობს მონათმფლობელობაც. „მონების" მოსაპოვებლად მეომარი ჭიანჭველები რაზმებად ეწყობიან, გამოდიან ბუდიდან და მეზობელი ბუდისაკენ მიემართებიან. იწყება სასტიკი ბრძოლა, რომელშიც უამრავი ჭიანჭველა იღუპება. გამარჯვებული ჭიანჭველები იჭრებიან მოწინააღმდეგის ბუდეში, იტაცებენ ჭუპრებს და თავისთან მიჰყავთ. ზოგ ჭუპრს ისინი ჭამენ, დანარჩენს კი აცლიან ზრდა-განვითარებას. სწორედ ესენი ხდებიან „მონები", დამპყრობელი ჭიანჭველები მათ მუშებად იყენებენ. ხშირად ასეთი მონა-ჭიანჭველები შემდგომში თავადაც მონაწილეობენ დამპყრობლურ ლაშქრობებში. 
ჭიანჭველების ენა


ჭიანჭველები კოლექტიურად მცხოვრები მწერებია და, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან მუდმივი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ როგორ ახერხებენ ამას, რა ენაზე? 

ჩავატაროთ ასეთი ცდა: 

ჭიანჭველების ბუდის შორიახლოს ქაღალდის ფურცელი დავდოთ და ზედ შაქრის სიროფი დავაწვეთოთ. შემდეგ ფურცელზე რამდენიმე ჭიანჭველა დავსვათ და თვალყური ვადევნოთ. 

აი, ჭიანჭველებმა სიროფით გული იჯერეს და შინისაკენ გასწიეს. იქ, ეტყობა, თავისიანებს ყველაფერი „უამბეს" და ახლა ჭიანჭველების მთელი რაზმი გამოეშურა ნადავლისაკენ. 

საკითხავია, რა ხერხებით ამცნეს თანამოძმეებს შინდაბრუნებულმა ჭიანჭველებმა, ამა და ამ ადგილას ნუგბარი საჭმელიაო? თურმე - სუნის საშუალებით. ჭიანჭველის სხეულში არის განსაკუთრებული ჯირკვლები, რომლებიც სუნიან ნივთიერებებს გამოჰყოფს. 

იმისათვის, რომ თვისტომს აღმოჩენილი საკვებისაკენ გზა ასწავლოს, შინისაკენ მიმავალი ჭიანჭველა პაწაწინა ჯირკვლებიდან სუნიან ნივთიერებებს გამოჰყოფს. ამ ნივთიერებებით გაჟღენთილი ნესტარი გზადაგზა მიწას ეხება და სუნიან ღრმულებს ტოვებს. სწორედ ამ კვალს მიჰყვება ნადავლისაკენ მიმავალი სხვა ჭიანჭველა. 

ჭიანჭველას შუბლზე აქვს ძალზე მოძრავი ულვაში - ანტენები - და, რასაც კი გზაში წააწყდება, ყველაფერს ამ ანტენებით ეხება და ყნოსავს. 

მხედველობა ჭიანჭველას სუსტად აქვს განვითარებული. სამაგიეროდ, საუცხოო უნარით არის დაჯილდოებული: სუნით შეუძლია იმის განსაზღვრა, თუ რა ფორმისაა ესა თუ ის საგანი. 

ჭიანჭველები ხშირად ომობენ. როგორ არჩევენ ჭიანჭველები თავისიანს მტრისაგან? მეომარ ჭიანჭველებს ხომ არც განსაკუთრებული „ჯარისკაცული" ფორმა აცვიათ და არც საბრძოლო ყიჟინის ატეხვა შეუძლიათ. 

ჭიანჭველას ამ დროს ულვაში-ანტენები ეხმარება. შეახებს თუ არა ამ ანტენებს თავის ახლო მყოფს, მაშინვე ხვდება, თავისიანია თუ უცხო. 

სუნიანი ნივთიერებები, რომელსაც ჭიანჭველა თავის გზაზე ტოვებს, ძალიან მალე, თითქმის ორი წუთის მერე აქროლდება ხოლმე. ამასაც თავისი ღრმა აზრი აქვს: ძველმა კვალმა ჭიანჭველა არ უნდა შეაცდინოს. გარდა ამისა, იგი სუნის სიმძაფრის მიხედვით იგებს, რა რაოდენობის საკვებია აღმოჩენილი. შინ მიმავალი ჭიანჭველა სუნიან ნივთიერებებს მხოლოდ მაშინ გამოყოფს, თუ მან საკვები იპოვა, თანაც ბევრი საკვები. რაც უფრო დიდი რაოდენობით არის საკვები ნაპოვნი, სუნიც უფრო მძაფრია. 

სუნიან ნივთიერებებს, რომლებიც ჭიანჭველებს ერთმანეთთან ურთიერთობაში ეხმარება, ფერომონებს ეძახიან. ისინი ჭიანჭველებს საკმაოდ ბლომად აქვთ. ფერომონთაგან ერთნი განგაშის ატეხას ემსახურებიან და ჭიანჭველებს დაუყონებლივი, გადამწყვეტი მოქმედებისაკენ „მოუწოდებენ", მეორენი მუშა ჭიანჭველებს თავს უყრიან, მესამენი მათ ბუდის დასუფთავებას აიძულებენ, მეოთხენი - ჭიანჭველების მეთაურის - დედოფლის მოვლას, მეხუთენი - ჩვილი ჭიანჭველებისათვის ზრუნვას... 

წინათ ეგონათ, თითქოს ჭიანჭველები თავიანთ „მიცვალებულებს" მარხავდნენ. აღწერილი იყო, როგორ მიემართებოდა ორ მწკრივად დაწყობილი მუშა ჭიანჭველების სამგლოვიარო პროცესია. მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. უბრალოდ, ჭიანჭველები დახოცილ ამხანაგებს თავიანთი ბუდიდან მოშორების მიზნით ერთი-მეორეზე აწყობენ. ამას აიძულებს მათ განსაკუთღებული ფერომონი, რომელიც ჭიანჭველის გვამის გახრწნის შედეგად წარმოიიქმნება. 

ჭიანჭველები დიდი პეწენიკები არიან. მათ ბუდეში მუდამ სანიმუშო სისუფთავეა, თვითონაც ყოველთვის სუფთად არიან. 

ჭიანჭველას ბევრი ძილი არ უყვარს, სულ რაღაც სამი საათი თუ სძინავს. თანაც მისთვის სულერთია, როდის დაიძინებს - დღისით თუ ღამით. ამ დროს თუ კარგად არ შეანჯღრიე, არ გამოეღვიძება. 

ჩვეულებრივ, ჭიანჭველა ინსტიქტურად იქცევა. იგი თავისი წინაპრებისაგან მემკვიდრეობით მიღებული პროგრამით მოქმედებს, მაგრამ ზოგჯერ მოულოდნელ წინააღმდეგობას რომ წააწყდება, აღმოჩნდება, რომ მას ინტელექტის რაღაც ნაწილი მაინც ჰქონია. აი, მაგალითი: 

სამხრეთ ამერიკის ერთ ქალაქში ჭიანჭველების გზა ტრამვაის ლიანდაგზე გადიოდა. ტრამვაი წამდაუწუმ ჟლეტდა მათ. ჭიანჭველებიც ადგნენ და ლიანდაგის ქვეშ გვირაბი გაიყვანეს. როცა განზრახ შეუშალეს ხელი, გვირაბი სხვა ადგილას გაჭრეს. 

ერთხელ მეცნიერებმა იმ ხის ღეროს, რომელზეც ჭიანჭველები არბოდნენ და ჩამორბოდნენ, ფისის რგოლი შემოარტყეს. ამ მოილოდნელ დაბრკოლებას ჭიანჭველები დიდად არ შეუშფოთებია: მიწა და კენჭები მოზიდეს და რგოლზე ხიდი გადეს, სხვა ცდის დროს კი ფისის რგოლი მღილის გვამებით მოკირწყლეს.

...წიწიბურას სამშობლო ნეპალია, იქიდან გავრცელებულა ეს მცენარე არაბების წყალობით მთელს მსოფლიოში.
 წიწიბურას ლათინური სახელწოდება Fagopyrum, კარლ ლინეს შეუქმნია, რაც სიტყვასიტყვით წიფლის ნაყოფისმაგვარს ნიშნავს. საინტერესო ის არის, რომ თავად წიფლის ნაყოფს ქართულში  “წიწიბო” ჰქვია, რაც უწერია კიდეც სულხან–საბასაც.საქართველოში წიწიბურა არავინ იცოდა რა იყო, თუმცა შემოტანისას ორიდან ერთი მოხდა: 1) ვიღაცა ღვთისნიერს წიფლის ხის ნაყოფისთვის, ანუ წიწიბოსთვის მიუმსგავსებია და “წიწიბურა” დაურქმევია ან 2) კარლ ლინეს კლასიფიკაციით უსარგებლია და ლათინურიდან ქართულზე პირდაპირ კალკირებით გადმოუტანია.  

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!